ჯგუფი ექსცესი შეიქმნა 1999 წლის ნოემბერში.
პირველი კონცერტი იყო ქალაქ რუსთავში, თბილისში ჯგუფის დებიუტი შედგა გრიბოედოვის თეატრში (19/12/1999), სადაც ჯგუფი მაყურებლის წინაშე წარსდგა უკვე ჩამოყალიბებული იმიჯით, შავი ანაფორებით. ზოგიერთმა რადიომ ჯგუფს სატანისტობა დასწამა და კატეგორიულად აკრძალა სიმღერის საკუთარ ეთერით ტრანსლაცია, ზოგიერთმა კი მთელი გადაცემები დაუთმო ამ ფაქტს და აცხადებდა, რომ ხელოვნება ცენზურას არ უნდა ექვემდებარებოდეს.
პირველი ალბომი გამოვიდა 9 ოქტომბერს და მასთან ერთად ექსცესმა წარმოადგინა თავისი პირველი ვიდეოკლიპი "განკითხვის დღე".
2000 წლის სექტემბერში ჯგუფმა დაიწყო მეორე ალბომზე მუშაობა, რომლისთვისაც პროგრამა უკვე მზად ჰქონდა. თავდაპირველად ალბომის სახელწოდება "ფულის ხანა " უნდა ყოფილიყო, მაგრამ შემდეგ გადაწყდა, ალბომს "საფლავები" დარქმეოდა. ალბომი 2001 წლის აგვისტოში გამოვიდა.
ჯგუფის წევრები იყვნენ:
მუზა - დავით შამანაური
მემო - გიორგი შამანაური
ამპულა - გიორგი ხელაძე
დავით და გიორგი შამანაურები დღესაც აქტიურად მოღვაწეობენ მუსიკალურ სამყაროში. ისინი კლასიკურ მუსიკას გაყვნენ და საქართველოს ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრში საყვირზე უკრავენ. დავით შამანაური თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში საორკესტრო ჩასაბერი და დასარტყამი საკრავების მიმართულების ასისტენტ-პროფესორია.